239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ხშრად დასმული კითხვები წითელას შესახებ

წითელა: კითხვები და პასუხები
ინფორმაცია დაავადებისა და ვაქცინების შესახებ

რა იწვევს წითელას?
წითელას იწვევს ვირუსი.

როგორ ვრცელდება წითელა?
წითელა ადამიანიდან ადამიანზე ჰაერით ვრცელდება; წითელა ადვილად გადამდებია.

რა დროა საჭირო დაავადებასთან კონტაქტიდან სიმპტომების განვითარებამდე?
დაავადებასთან კონტაქტის შემდეგ პირველი სიმპტომის განვითარებას, რომელიც ძირითადად არის ცხელება, საშუალოდ 10-12 დღე სჭირდება. წითელას გამონაყარი ჩვეულებრივ არ ვითარდება მე-14 დღეზე ადრე, ცხელების დაწყებიდან 2-3 დღის შემდეგ.

რა არის წითელას სიმპტომები?
სიმპტომებში შედის ცხელება, სურდო, ხველა, მადის დაკარგვა, „ვარდისფერი თვალი“ და გამონაყარი. გამონაყარი ჩვეულებრივ გრძელდება 5-6 დღე და იწყება თმის ხაზთან, შემდეგ გადაინაცვლებს სახისკენ და კისრის ზედა ნაწილისკენ და ვრცელდება ქვემოთ, სხეულზე.

რამდენად სერიოზულია წითელა?
წითელა საკმაოდ სერიოზული დაავადება; აღრიცხული შემთხვევების 30%-ში აღინიშნება ერთი ან მეტი გართულება. აშშ-ში 1985-1992 წლებში აღინიშნებოდა სიკვდილის 2 შემთხვევა ყოველ 1000 აღრიცხულ შემთხვევაზე. 2004-2005 წელს საქართველოში წითელას აფეთქების დროს ყოველ 1000 დაავადებულზე 1,125 გარდაცვალების შემთხვევა დარეგისტრირდა. წითელას გართულებები უფრო ხშირია მცირე ასაკის ბავშვებში (ხუთ წელზე ნაკლებ ასაკში) და მოზრდილებში (20 წელზე მაღალ ასაკში).

რა არის წითელას შესაძლო გართულებები?
წითელას ყველაზე ხშირ გართულებას დიარეა წარმოადგენს (ვითარდება შემთხვევათა 8%-ში), განსაკუთრებით მცირე ასაკის ბავშვებში. აღრიცხული შემთხვევების 7%-ში ვითარდება ყურის ინფექციები. პნევმონია, რომელიც შემთხვევათა 6%-ში ვითარდება, წარმოადგენს წითელასთან ასოცირებული სიკვდილის შემთხვევების 60%-ის მიზეზს. დაახლოებით 1000-დან 1 შემთხვევაში ვითარდება მწვავე ენცეფალიტი, თავის ტვინის ანთება. ამ სერიოზულმა გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სამუდამო დაზიანება.
ორსულობის პერიოდში წითელა ზრდის ნაადრევი მშობიარობის, თვითნებური აბორტის და მცირე მასის ახალშობილის დაბადების რისკს, თუმცა თანდაყოლილი დეფექტები წითელას ზემოქმედებასთან დაკავშირებული არ არის.
წითელა შეიძლება განსაკუთრებით მძიმედ წარიმართოს იმ პირებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნური სისტემა. ის ასევე უფრო მძიმედ მიმდინარეობს ცუდი კვების მქონე ბავშვებში, განსაკუთრებით A ვიტამინის დეფიციტის შემთხვევაში. განვითარებად ქვეყნებში ასეთ შემთხვევებში სიკვდილობის მაჩვენებელმა შეიძლება 25%-ს მიაღწიოს.

როგორ ხდება წითელას დიაგნოსტირება?
წითელას დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომებისა და ლაბორატორიული ტესტების კომბინაციით.

არსებობს თუ არა წითელას მკურნალობა?
წითელას საწინააღმდეგო სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს. წითელათი დაავადებულ ადამიანებს ესაჭიროებათ წოლითი რეჟიმი, სითხეების მიღება და ტემპერატურის კონტროლი. გართულებების შემთხვევაში საჭიროა ამ გართულებების სამკურნალო სპეციფიკური მკურნალობა.

რამდენი ხნის განმავლობაშია წითელათი დაავადებული ადამიანი გადამდები?
წითელა ადვილად გადამდები დაავადებაა და მისი გადაცემა შეიძლება მოხდეს გამონაყრის დაწყებამდე 4 დღით ადრე და გამონაყრის გამოჩენიდან 4 დღის შემდეგ დროის ინტერვალში.

რა უნდა გაკეთდეს, თუ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა დაავადებულთან?
ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა შეატყობინოს ექიმს. თუ პირი არ არის ვაქცინირებული, წითელას ვაქცინამ შეიძლება მოახდინოს დაავადების პრევენცია, თუ მისი გაკეთება მოხდება დაავადებასთან კონტაქტიდან 72 საათის განმავლობაში.
შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი ერთზე მეტჯერ დაავადდეს წითელათი?
არა.

რა სახისაა ვაქცინა?
წწყ ვაქცინა მზადდება წითელას, წითურასა და ყბაყურას ცოცხალი, დასუსტებული (ატენუირებული) შტამებისგან.

როგორ ხდება ვაქცინის შეყვანა ადამიანის ორგანიზმში?
ვაქცინის ინექცია კეთდება კანქვეშ (კანქვეშა ქსოვილის ცხიმოვან შრეში).

რა შეიძლება იყოს იმუნურობის დამადასტურებელი ნიშანი, რომელიც ჩაანაცვლებს წწყ ვაქცინაციას?
იმუნიტეტის არსებობა შეიძლება დადგინდეს ლაბორატორიულად. თუ პირს არ აღენიშნება იმუნიტეტი სამივე დაავადებაზე, მაინც საჭიროა ვაქცინაცია წწყ ვაქცინით.

რა ასაკში უნდა გაკეთდეს წწყ-ს პირველი დოზა?
წწყ-ს პირველი დოზა უნდა გაკეთდეს პირველ დაბადების დღეზე ან მის შემდეგ; რეკომენდებული ასაკობრივი შუალედია 12-24 თვე. გათვალისწინებულ უნდა იქნას, რომ 12 თვემდე გაკეთებული აცრა არ მიიღება სათვალავში და 1 წლის ასაკში ვაქცინაცია მაინც უნდა გამეორდეს.

როდის უნდა მიიღონ ბავშვებმა წითელას მეორე აცრა?
მეორე დოზა ჩვეულებრივ კეთდება 5 წლის ასაკში, სკოლაში შესვლამდე. თუმცა მეორე დოზა შეიძლება გაკეთდეს უფრო ადრეც, პირველი დოზიდან 28 დღიანი ინტერვალის დაცვით.

რამდენად ეფექტურია ეს ვაქცინა?
წწყ-ს პირველი დოზა ქმნის კარგ იმუნიტეტს წითელას, წითურასა და ყბაყურას წინააღმდეგ. მეორე დოზა განკუთვნილია იმუნიტეტის გამომუშავებისთვის იმ ადამიანებში, რომლებსაც არ ჰქონდათ რეაქცია პირველ დოზაზე; მეორე დოზის შემდეგხალხის ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება დარჩეს დაუცველი.

მოზარდებში და მოზრდილებში, ვინ უნდა მიიღოს წწყ ვაქცინა?
ყველა მოზარდს უნდა ჰქონდეს გაკეთებული ვაქცინის ორი დოზა, თუ არ აღინიშნება ნამდვილი უკუჩვენება.
1965 წლამდე დაბადებულ მოზრდილებს დიდი ალბათობით ბავშვობაში გადატანილი ექნებათ წითელა და/ან ყბაყურა და ძირითადად (მაგრამ არა ყოველთვის) მიიჩნევა, რომ მათი ვაქცინაცია არ არის საჭირო. თუმცა, დაწესებულებებმა მაინც უნდა გაითვალისწინონ ჯანდაცვის იმ მუშაკების ვაქცინაცია, რომლებიც დაბადებულნი არიან 1965 წლამდე, მაგრამ არ აღენიშნებათ წითელას, წითურას და ყბაყურას მიმართ ლაბორატორიულად დადასტურებული იმუნიტეტი.
ეპიდაფეთქების დროს  ჯანდაცვის მუშაკების ვაქცინაცია წწყ-ით უნდა მოხდეს დაბადების თარიღის მიუხედავად.

მოზრდილთაგან, ვის სჭირდება წწყ-ის ვაქცინით აცრა?
მოზრდილთა გარკვეულ ნაწილს წითელას, წითურას ან ყბაყურასთან კონტაქტის მაღალი რისკი აღენიშნება, ამიტომ შეიძლება დასჭირდეთ წწყ-ს ვაქცინაცია. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან:
•    სტუდენტები;
•    ჯანდაცვის მუშაკები;
•    ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ ეპიდაფეთქების კერაში ან ჰქონდათ დაავადებასთან კონტაქტი;
•    პირები, ვინც აპირებენ საზღვარგარეთ მოგზაურობას. 

რატომ სჭირდებათ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინაცია?
ის პირები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობენ, დაავადებასთან კონტაქტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ზოგად პოპულაციასთან შედარებით. თუ ჯანდაცვის მუშაკები იმუნურები იქნებიან დაავადების მიმართ, ეს იცავს მათაც და იმ პაციენტებსაც, ვისთანაც მათ ექნებათ კონტაქტი. სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ყველა ადამიანი, მათ შორის, მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი, სამედიცინო თუ არასამედიცინო პერსონალი, მოხალისე, სტუდენტი, უნდა იყოს ვაქცინირებული ან იმუნური წითელას მიმართ.

რამდენად უსაფრთხოა ვაქცინა?
მსოფლიოში გაცემულია ასობით მილიონი წითელას, ყბაყურასა და წითელას ვაქცინა ცალკეული ან კომბინირებული წწყ ვაქცინის ფორმით და ამ ვაქცინებმა გამოავლინა უსაფრთხოების შესანიშნავი მაჩვენებელი.

ამ ვაქცინასთან დაკავშირებული რა გვერდითი ეფექტებია აღწერილი?
ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია ცხელება, რომელიც ვაქცინირებულთა 5-15%-ში ვითარდება. 5%-ში ვითარდება მსუბუქი გამონაყარი. გამოვლინების შემთხვევაში, ცხელება და გამონაყარი ვითარდება ვაქცინაციიდან 7-12 დღის შემდეგ. წწყ ვაქცინის მიღების შემდეგ მოზრდილი ქალების 25%-ში აღინიშნება სახსრების დროებითი ტკივილი; ეს სიმპტომი დაკავშირებულია კომბინირებული ვაქცინის წითურას კომპონენტთან. სახსრების ტკივილი შეიძლება განვითარდეს მხოლოდ იმ ქალებში, რომელთაც ვაქცინაციის დროს არ გააჩნიათ იმუნიტეტი წითურას მიმართ. წწყ ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება); ამ გართულების სიხშირეა 1 შემთხვევა ყოველი 30000-40000 ვაქცინირებული ადამიანიდან. ეს შემთხვევები თითქმის ყოველთვის არის დროებითი და მსუბუქად მიმდინარე. უფრო მძიმე რეაქციები, მათ შორის ალერგიული რეაქციები, იშვიათია. სხვა მძიმე პრობლემები (მაგ., სმენის დაქვეითება, თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება) იმდენად იშვიათად ვითარდება, რომ ექსპერტები არ არიან დარწმუნებულები, არის თუ არა ეს შემთხვევები დაკავშირებული ვაქცინასთან.

თუ წწყ  ვაქცინის შემდეგ ბავშვს განუვითარდა გამონაყარი, არის თუ არა ის გადამდები?
ვაქცინის შემადგენელი ვირუსის გადაცემა არ ხდება ვაქცინირებული ადამიანიდან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას განუვითარდება გამონაყარი. არ არის საჭირო რაიმე სიფრთხილის ზომების მიღება (მაგ., სკოლიდან ან სამსახურიდან დათხოვნა).

ვისთვის არ არის სასურველი წწყ ვაქცინის მიღება?
წწყ-ს პირველი დოზის შემდეგ მძიმე ალერგიული რეაქციების (მაგ., ჭინჭრის ციება, ტუჩების, ენის ან ყელის შესიება, სუნთქვის გაძნელება) განვითარების შემთხვევაში ადამიანმა აღარ უნდა მიიღოს მეორე ვაქცინა. ეს ვაქცინა ასევე არ უნდა მიიღოს არც ერთმა ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ალერგიულია წწყ-ს რომელიმე კომპონენტის მიმართ (მაგ., ჟელატინი, ნეომიცინი). 
ნებისმიერი ცოცხალი ვირუსული ვაქცინის მსგავსად, წწყ-ს მიღება არ არის სასურველი ორსული ქალებისათვის, ხოლო ვაქცინაციის შემდეგ ორსულობა თავიდან უნდა იქნას აცილებული ოთხი კვირის განმავლობაში. ბავშვები და ორსულის სხვა ოჯახის წევრები უნდა აიცრან რეკომენდებული კალენდრის შესაბამისად. მეძუძური დედების ვაქცინაცია დასაშვებია.
იმუნიტეტის მძიმე დაქვეითების მქონე ადამიანებში წწყ ვაქცინა არ უნდა გაკეთდეს. ასეთ ადამიანებს მიეკუთვნებიან პაციენტები ისეთი მდგომარეობებით, როგორებიცაა თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, შიდსი, ლეიკემია, ლიმფომა და გენერალიზებული ავთვისებიანი პროცესები, ასევე ის პირები, რომლებიც იღებენ კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, სხივურ თერაპიას  ან კორტიკოსტეროიდების დიდ დოზებს. იმუნიტეტის დაქვეითების მქონე პირების ოჯახის წევრები უნდა აიცრან ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით.
მიუხედავად იმისა, რომ შიდსის ან სერიოზული იმუნოსუპრესიის ნიშნებით მიმდინარე აივ-ინფექციის შემთხვევაში ვაქცინაცია არ უნდა მოხდეს, სიმპტომების გარეშე მიმდინარე აივ-ინფექციის დროს პაციენტის აცრა წითელას საწინააღმდეგოდ შეიძლება და სასურველიცაა.

შეიძლება თუ არა წწყ ვაქცინის მიღება იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ კვერცხზე ალერგია?
გარკვეული ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ კვერცხზე ალერგიის მქონე ადამიანები ვაქცინის შემდგომი ალერგიის მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან ვაქცინა მზადდება წიწილის ემბრიონის ქსოვილზე. თუმცა, უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოსაზრება არამართებულია. აქედან გამომდინარე, წწყ აცრის გაკეთება წინასწარი ტესტირების ან სპეციალური სიფრთხილის ზომების გარეშე შეიძლება კვერცხზე ალერგიულ პირებშიც.

იწვევს თუ არა წწყ ვაქცინა აუტიზმს?
არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ წითელას, წწყ ან რომელიმე სხვა ვაქცინა იწვევს აუტიზმს. წწყ ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირის საკითხი ფართოდ განიხილებოდა აშშ-ში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. ამ განხილვებით დადგინდა, რომ ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური მტკიცებულებები არ ადასტურებს წწყ ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირს.
ვარაუდი, რომ წწყ ვაქცინა შეიძლება იწვევდეს აუტიზმს, სათავეს იღებს ბრიტანელი გასტროენტეროლოგის, ენდრიუ უეიკფილდის კვლევიდან. 1998 წელს ენდრიუ უეიკფილდმა და კოლეგებმა ჟურნალ „ლანცეტში“ გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ამტკიცებდნენ, რომ წწყ-ს შემადგენელი წითელას ვაქცინა იწვევს ნაწლავთა ანთებით დაავადებას, რაც იწვევს მავნე ცილების გამოთავისუფლებას სისხლში, ეს ცილები კი, თავის მხრივ, იწვევს თავის ტვინის დაზიანებას. ამ აღმოჩენის ვალიდურობა მოგვიანებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან სხვა მეცნიერებმა იგივე ეფექტი ვერ აღმოაჩინეს. ამას გარდა, ეს აღმოჩენა კიდევ უფრო მეტად იქნა უარყოფილი, როდესაც გამოძიებამ დაადგინა, რომ უეიკფილდი მალავდა იმ ფაქტს, რომ მისი კვლევა ფინანსდებოდა იმ იურისტების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ ვაქცინის მწარმოებლების საწინააღმდეგო მტკიცებულებების მოპოვებას. უეიკფილდს სამუდამოდ აეკრძალა სამედიცინო საქმიანობა, ხოლო „ლანცეტმა“თავდაპირველი სტატია ჟურნალიდან ამოიღო 2010 წელს.
წწყ ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ-გვერდს:
www.cdc.gov/vaccinesafety/Vaccines/MMR/index.html

შეუძლია თუ არა ვაქცინაში შემავალ ცოცხალ ვირუსს წითელას, ყბაყურას ან წითურას გამოწვევა?
ვინაიდან წწყ ვაქცინაში შემავალი წითელას, წითურასა და ყბაყურას ვირუსები დაავადების გამომწვევი ვირუსების დასუსტებული ანალოგებია, მათ შეიძლება გამოიწვიონ დაავადების ძალიან მსუბუქი ფორმა. თუმცა, ეს დაავადება ჩვეულებრივ დაავადებასთან შედარებით გაცილებით მსუბუქია და მიჩნეულია, როგორც ვაქცინის გვერდითი რეაქცია.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსული გაუფრთხილებლობის გამო გაიკეთებს წწყ ვაქცინას?
ორსულებს ურჩევენ არ გაიკეთონ აცრა ნებისმიერი ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინით; ეს წარმოადგენს უსაფრთხოების ზომას გამომდინარე თეორიული შესაძებლობიდან, რომ ცოცხალმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადება (მაგ., წითურას ვირუსით გამოწვეული თანდაყოლილი წითურას სინდრომი).
ვინაიდან ქალების გაკრვეულმა რაოდენობამ არამიზანმიმართულად მაინც ჩაიტარა ვაქცინა ორსულობისას ან ორსულობამდე მცირე ხნით ადრე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეაგროვა მონაცემები მათი ახალშობილების შესახებ. 1971-1989 წლებში ორსულობისას ვაქცინირებული 321 ორსული ქალის 324 ბავშვში არ დაფიქსირებულა თანდაყოლილი წითურას სინდრომის არც ერთი შემთხვევა. ვინაიდან წითურას ვაქცინით ნაყოფის ინფიცირების რისკი თითქმის ნულს უტოლდება, რეკომენდებულია ამ სიტუაციაში ქალების ინდივიდუალური კონსულტაცია და არა ორსულობის ხელოვნურად ნაადრევი შეწყვეტა.

 

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO