239 89 46   მოგვწერეთ
 
 
საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ

2013 წელი 15 თებერვალი 16:00 საათი

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესაბამისობაში მოსაყვანად საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობასთან და თამბაქოსთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი მოძრაობის (კამპანიის) დასაწყებად შემუშავებულია საქართველოში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებათა გაძლიერების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის შექმნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

კომისიის ძირითადი ამოცანა იქნება 1 თვის ვადაში თამბაქოს კონტროლის გრძელვადიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მთელი რიგი ცვლილებების დავალება სხვადასხვა უწყებებისა და სექტორებისთვის თამბაქოს კონტროლის გაძლიერების კუთხით, რათა მიღწეულ იქნეს ქვეყანაში თამბაქოთი გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება და სიკვდილობის შემცირება.

თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთი წამყვანი მიზეზია. თამბაქოს გლობალური ეპიდემია დაახლოებით 6 მილიონ ადამიანს კლავს ყოველწლიურად, აქედან 600 000–ზე მეტი მეორადი კვამლით იღუპება. თამბაქოს კონტროლის კუთხით სათანადო ზომების მიუღებლობის შემთხვევაში 2030 წლისთვის თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა 8 მილიონს მიაღწევს, რაც ნიშნავს 4 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალებას.  თამბაქოს მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის 80%–ზე მეტი წილი დაბალ– და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებზე იქნება განაწილებული (WHO, 2012).

საქართველოში თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობაა. თამბაქოსაგან გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი იღუპება, აქედან 3 000 პასიური მოწევის მსხვერპლია. 2010 წლის მონაცემებით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 30% მოიხმარს თამბაქოს. მამაკაცების 55%–ზე მეტი, ხოლო ქალების 5%–მდე მწეველია. საყურადღებოა ისიც, რომ მწეველების უმრავლესობა დღეში საშუალოდ 20 ღერს მოიხმარს, რაც თამბაქოზე მძიმე დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ბოლო 12 თვის მანძილზე მოწევაზე თავის დანებება წარუმატებლად სცადა დაახლოებით 39%–მა, საიდანაც მამაკაცების 40%–მა, ხოლო ქალების 26%–მა (STEPS, კვლევა 2010).

ESPAD (2008) კვლევის შედეგების მიხედვით 16 წლის მოზარდთა 50%-ს ერთხელ მაინც მოუწევია სიგარეტი, 16% ეწეოდა ბოლო 30 დღის განმავლობაში და 12% რეგულარული მწეველია. მოზარდთა 1.1% დღეში 20 ან მეტ ღერ სიგარეტს ეწევა. 60%-თვის სიგარეტის ყიდვა ადვილია. 30% თამბაქოს მოიხმარს 13 წლის და უმცროსი ასაკიდან, ხოლო 10% - 9 წლის და უმცროსი ასაკიდან. 13 წლამდე თამბაქოს ყოველდღიურად მოიხმარს 4.3%. მოზარდთა 87% აცხადებს, რომ მათი მეგობარი ეწევა.
       

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა მოიცავს:
1.    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო–კონვენციას – 2003
2.    კანონს თამბაქოს კონტროლის შესახებ - 2003, განახლდა 2008, ახალი 2010
3.    კანონს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ – 2007
4.    კანონს რეკლამის შესახებ - 1998
5.    საქართველოს კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ - 1996
6.    საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ - 1997
7.    კანონს სოფლის მეურნეობისა და თამბაქოს შესახებ - 1999 (გაუქმდა 2010)
8.    პრეზიდენტის ბრძანებას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების შესახებ - 2000
9.    კანონს არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ - 2002
10.    კანონს თამბაქოსა და კვების პროდუქტების ლიცენზირების შესახებ - 2003 (გაუქმდა 2010)
11.    ცვლილებებს ადმინისტრაციულ კოდექსში თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის მიღების შემდეგ - 2004 (ცვლილება 2010)
12.     საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებს

საქართველომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციას ხელი მოაწერა 2004 წლის 20 თებერვალს. ჩარჩო-კონვენციის რატიფიკაცია განხორციელდა 2005 წლის 16 დეკემბერს. რატიფიკაციის ინსტრუმენტი გაეროს გადაეცა 2006 წლის 14 თებერვალს და ძალაში შევიდა 2006 წლის 15 მაისიდან. ამით ქვეყანამ აიღო საერთაშორისო ვალდებულება განეხორციელებინა კონვენციით ნაკისრი ყველა მოთხოვნა. ამ ვალდებულებებიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი იქნა დანერგილი. საქართველო მონაწილეობას იღებს მხარეთა კონფერენციებში და სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებების ორგანოში უკანონო ვაჭრობის პროტოკოლთან დაკავშირებით.

კონვეციით აღებული ვალდებულებების შესრულებისათვის და საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონის სრულფასოვანი აღსრულებისათვის საჭიროა გატარდეს შემდეგო ღონისძიებები:
•    მთავრობის დადგენილებით შეიქმნას მრავალდარგობრივი სამთავრობო კომისია
•    შემუშავდეს სტრატეგია, მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამა, განისაზღვროს საკოორდინაციო მექანიზმი და დამტკიცდეს მთავრობის მიერ
•    მთავრობამ ან პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება/დადგენილება თამბაქოს ინდუსტრიის ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ
•    პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში მიიღოს შესაბამისი შესწორება, რომელიც ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის პერიოდულ ზრდას და განსაზღვროს მისი პარამეტრები, როგორც ეს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს და ნაკლებად ხელმისაწვდომს გახდის ნაწარმს ბავშვებისათვის
•    კანონმდებლობაში დეტალურად გაიწეროს ადმინისტრირების მექანიზმები
•    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოხდეს ცვლილებების კანონპროექტის განხილვა და შესაბამისი მაღალი საჯარიმო სანქციების დაწესება და დაჯარიმების პროცედურის გამარტივება
•    ჯანდაცვის სამინისტრომ პერიოდულად მოითხოვოს და რეგულარულად საჯაროდ გამოაქვეყნოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია
•    სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალოს თამბაქოს ნედლეულის, შემოტანილი და ადგილზე წამოებული პროდუქციის სტანდარტთან შესაბამისობის მონიტორინგი
•    თამბაქოს ნაწარმის შემცველობების აკრედიტებული ლაბორატორიაში ტესტირება მწარმოებლის ხარჯზე
•    შესაბამისი ცვლილების განხორციელება თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში რათა სავალდებულო სახე მიიღოს პიქტოგრამების კოლოფზე დატანის უკვე არსებულმა ფაკულტატურმა ნორმამ და მინიმუმ 50%-მდე გაიზარდოს სამედიცინო გაფრთხილების ზომა ორივე გვერდზე
•    ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პარალელურად შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს რეკლამის შესახებ კანონში რომლის შესაბამისად აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის ყველა სახის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა (მათ შორის ინტერნეტის საშუალებით) და პოპულარიზაცია; დაწესდება შესაბამისი სანქციები
•    შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ გატარდეს თამბაქოზე დამოკიდებულების და მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული და თამბაქოზე მოთხოვნის შემცირების ღონისძიებები
•    თამბაქოზე დამოკიდებულების და მოხმარების შეწყვეტასთან დაკავშირებული  შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის არსებობა და სადაზღვევო პროგრამებში შესაბამისი სერვისების განვითარება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ან ხელმისაწვდომ ფასებში მიიღოს კვალიფიციური დახმარება (კონსულტირება, სატელეფონო სერვისები, სხვ.) და მედიკამენტები
•    “თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტზე, ექსპორტსა და დისტრიბუციაზე ლიცენზირების” შესახებ კანონპროექტის გადამუშავება და მიღება პარლამენტის მიერ
•    შემოღებულ იქნას ლიცენზია თამბაქოს წარმოებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე
•    შეიქმნას თამბაქოს ნაწარმის, ნედლეულისა და მანქანა-დანადგარების გადაადგილების ელექტორნული მეთვალყურეობის სისტემა
•    არასრულწლოვანთათვის სიგარეტის  მიყიდვის, უფასოდ დარიგების, ასევე ცალკეული ღერებით გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი პროცედურების გამარტივება და საჯარიმო სანქციების გაზრდა
•    შემუშავდეს თამბაქოს ინდუსტრიისათვის კომპენსაციების დაკისრების მექანიზმი და მიღებული შემოსავლები მოხმარდეს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამებს
•    თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობის საკითხებთან დაკავშირებით, სათანადო კომპენსაციის დაკისრების ჩათვლით მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობა

მოვუწოდებთ საზოგადოებას აქტიურად ჩავერთოთ ფართომასშტაბიან საზოგადოებრივ მოძრაობაში თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის  შესამცირებლად


მედიასთან საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი
e-mail: ninomamukashvili@gmail.com
tel: 595956103
www.ncdc.ge


 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO