239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ინფორმაცია გრიპის გავრცელების შესახებ საქართველოში


საქართველოში, 2012-2013 წლების გრიპის სეზონზე (სეზონი იწყება წლის მე-40 კვირიდან და მთავრდება შემდეგი წლის მე-20 კვირას) გრიპის ვირუსის პირველი ლაბორატორიული დადასტურება დაფიქსირდა 48-ე კვირაში, რაც მიუთითებდა ამ სეზონზე გრიპის ვირუსის აქტიურ ფაზაში შესვლის დასაწყისს. აღნიშნულ ფაქტზე დაავადებათა კონტოროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების მეშვეობით, ინფორმირებულ იქნა ყველა სამედიცინო დაწესებულება და გაიცა რეკომენდაცია გრიპის სეზონთან დაკავშირებული სამედიცინო ქმედებების გააქტიურების შესახებ.
როგორც წესი, გრიპის შემთხვევების უმეტესი რაოდენობა ყოველგვარი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გარეშე მთავრდება გამოჯანმრთელებით. თუმცა, გრიპი ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გართულდეს, უფრო იშვიათად კი - გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალიც კი.
ქვეყანაში 2013 წლის მე-3 კვირიდან აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) მატების ტენდენცია. მსოფლიო გამოცდილებით, გრიპის სეზონური მატება შენარჩუნებული იქნება მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში. ბოლო სამი კვირის განმავლობაში სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 55 შემთხვევა, ხოლო გრიპის მიმდინარე სეზონის განმავლობაში -- 72 შემთხვევა, მათ შორის: 5 -B ტიპის და 67 A/H1pdm (მათ შორის, სხვადასხვა გართულებებით -- 3 ლეტალური გამოსავლით).
გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია.
გრიპის ფართო გავრცელებისას რეკომენდებულია არაპირდაპირი დაცვის საშუალებების გამოყენება, კერძოდ:
• უმჯობესია დაავადებული ადამიანები დარჩნენ სახლში: ამით დაიცავენ თავს მოსალოდნელი გართულებისგან, ხოლო საზოგადოებას - დაავადების გავრცელებისგან;
• ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანონ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
• რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი;
• გამოიყენეთ სველი წესით დალაგება;
• იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან დაავადებული მიეკუთვნება გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.

გრიპის მძიმე მიმდინარეობის ნიშნებია:
• გახანგრძლივებული (3 დღეზე მეტი) მაღალი ცხელება (38 გრადუსზე მეტი);
• სუნთქვის გაძნელება;
• ქოშინი;
• ციანოზი;
• ტკივილი გულმკერდის არეში;
• სისხლიანი ან მოვარდისფრო ნახველის გაჩენა;
• ბავშვებში - ღებინება ან ყლაპვის გაძნელება, კრუნჩხვები.

გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფებია:
• გულისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებით შეპყრობილნი;
• დიაბეტით დაავადებულნი;
• მცირე და ხანდაზმული ასაკი;
• ორსულები.


წყარო: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO