239 89 46   მოგვწერეთ
 
 
ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

1 ოქტომბერი, 2012

1990 წელს ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
გაეროს პრინციპია, სრულყოფილი გახადოს ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება და ხანდაზმული ადამიანების მიერ საზოგადოების ცხოვრებაში შეტანილი წვლილის შეფასებით, მოუწოდებს მთავრობებს, ხანდაზმულთა საკითხები ჩართონ ეროვნულ პროგრამებში.
2012 წლის  ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა: „დღეგრძელობა: მომავლის ფორმირება“, „დაბერება და ჯანმრთელობა“ კი იყო 2012 წლის 7 აპრილის ჯანმო–ს ჯანმრთელობის მსოფლიო დღის თემა. 

მნიშვნელოვანი ფაქტები
დადგენილია, რომ კარგი ჯანმრთელობა ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია. ხანდაზმული ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვნად და  პროდუქტიულად,  ოჯახებისა და ზოგადად საზოგადოების აქტიური წევრები.   
•    1980 წლიდან 60 წლის და მეტი ასაკის ადამიანთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა;
•    2050 წლამდე  80 წლის ასაკის ადამიანთა რიცხვი თითქმის ოთხჯერ გაიზრდება  და  395 მილიონს მიაღწევს;
•    შემდგომი 5 წლის განმავლობაში  65 წლის და მეტი ასაკის ადამიანთა რიცხვი  5 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობას გადააჭარბებს;
•    2050 წლისთვის კი ამ ადამიანთა რიცხვი  14 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობაზე მეტი იქნება;
•    ხანდაზმულ ადამიანთა უმრავლესობა ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში. 2050 წლისთვის ეს რიცხვი 80%–მდე გაიზრდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:

1.    მსოფლიოში იცხოვრებს 80 ან 90 წელს გადაცილებული უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე  ოდესმე
 80 წლის ან მეტი ასაკის  ადამიანთა რიცხვი 2000 წლიდან – 2050 წლამდე თითქმის ოთხჯერ გაიზრდება და მიაღწევს  395 მილიონ ადამიანს.

2.    გასულ საუკუნეში აღინიშნებოდა სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი ზრდა

ჯანმო–ს ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებში აჭარბებს 80 წელს, ხოლო მამაკაცებში – 75 წელს.

3.    მსოფლიო მოსახლეობა სწრაფად ბერდება
2000–2050 წლებში 60 წელზე მეტი ასაკის  მსოფლიო პოპულაციის წილი გაორმაგდება 11%–დან 22%–მდე. იგივე პერიოდში სავარაუდოდ 60 წლის და უფრო მეტი ასაკის ადამიანთა აბსოლუტური რიცხვი 605 მილიონი ადამიანიდან 2 მილიარდ ადამიანამდე გაიზრდება.
              4. დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში განხორციელდება ძალიან  სწრაფი და მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებები

მაგალითად, საფრანგეთში 100 წელზე მეტი დრო დაჭირდა პროცესს, რომ  60 წლის და უფრო მეტი ასაკის პოპულაციის რაოდენობა გაორმაგებულიყო 7%–დან 14%–მდე. მაშინ როდესაც ბრაზილიასა და ჩინეთს ამისთვის 25 წელი დაჭირდება. 


სხვა ფაქტები
ჯანმრთელ ხანდაზმულ ადამიანებს საკმაო სარგებელი მოაქვთ თავისი ოჯახის, საზოგადოებისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჯანმრთელობაზე გამოყოფილ ინვესტიციებს მთელი ცხოვრების მანძილზე მოაქვს დივიდენდები საზოგადოებისთვის  მთელ მსოფლიოში. ჯანმრთელობის განმტკიცების მიზნით ქცევის სარისკო ფორმებზე უარის თქმა არასდროს არ არის გვიან.  მაგალითად, იმ ადამიანებში, რომელთაც მიატოვეს მოწევა 60-დან 75 წლის ასაკში, ნაადრევი სიკვდილის რისკი ქვეითდება 50%-ით.
 განსაკუთრებული სიტუაციები და უბედური შემთხვევები მძიმე ზემოქმედებას ახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენებზე, მათ შორის მოხუცებზე. ხანდაზმულ ასაკში მატულობს დაცემის რისკი, ხოლო ტრავმის შედეგები სულ უფრო სერიოზული ხდება. ამას მივყავართ სერიოზულ ჯანდაცვით, ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ხარჯებამდე.
ადამიანთა დაბერების პროცესი სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, ერთსა და იმავე ასაკში მათი ჯანმრთელობაც სხვადასხვანაირია.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ადამიანის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი. კალენდარული ასაკის მნიშვნელობა ყველამ იცის, ბიოლოგიური ასაკი კი ორგანიზმის დაბერებისა და ჯანმრთელობის საზომია. ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ფიზიოლოგიურ და ნაადრევ სიბერეს შორის ზღვარის გავლების საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტად უსწრებს კალენდარული ასაკი ბიოლოგიურს, მით უფრო ნელა მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მით მეტხანს ცოცხლობს ადამიანი.
ფიზიოლოგიურ დაბერებას ახასიათებს ასაკობრივი ცვლილებების ისეთი ტემპები და შედეგები, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ადაპტაციურ შესაძლებლობებს შეესაბამება, ნაადრევი დაბერების დროს კი ეს ასაკობრივი ცვლილებები უფრო ადრე იჩენს თავს. ნაადრევ დაბერებას განაპირობებს გადატანილი დაავადებები და არასასურველი გარეგანი ფაქტორები, მაგალითად, ხშირი და ძლიერი სტრესი. არის შემთხვევები, როდესაც დაბერების პროცესი შენელებულია.
მოხუცები მიდრეკილნი არიან მეხსიერების დაქვეითებისკენ, ოსტეოპოროზისკენ, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისა და კიბოსკენ, თუმცა გერიატრიის ინტერესის საგანია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც, რომლებიც მოხუცებულებში თავისებურად მიმდინარეობს და რომელთა მკურნალობაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა ონკოლოგიური დაავადებებიც.
მოხუცებულები განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ათეროსკლეროზით და ჰიპერტენზიით. ამ ასაკში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ისედაც შენელებულია, ამას ერთვის სხვა ფაქტორებიც (მემკვიდრეობა, კვება) და სისხლძარღვებში ქოლესტერინი.  შინაგან ორგანოებში ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებს (პნევმონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვების ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი) შედარებით ნელი და შენიღბული მიმდინარეობა ახასიათებს.
ხანშიშესულები და მოხუცები, ისევე, როგორც ახალგაზრდები, შესაძლოა დაავადნენ ნებისმიერი მწვავე და ქრონიკული დაავადებით, მაგრამ ორგანიზმის ასაკობრივი თავისებურებები მათ ატიპურ, არეაქტიულ (ტკივილის შეგრძნების დაქვეითებით), უსიმპტომო მიმდინარეობას განაპირობებს.
მოხუცებულს მიდრეკილება აქვს პათოლოგიური პროცესების პროგრესირებისკენ. 40-45 წლიდან იწყება დაავადებათა "დაგროვების" პროცესი.  ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში მწვავე სნეულებები იშვიათდება, სამაგიეროდ ხშირდება ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. დაავადებათა მკურნალობა და დიაგნოსტირება ამ ასაკობრივ ჯგუფებში განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

ჯანმო–ს ძირითადი გზავნილები
• ხანდაზმული ადამიანები წარმოადგენენ საზოგადოების ფასეულ რესურსს;    ხანდაზმული ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ აფასებენ ოჯახში და საზოგადოებაში
• კარგი ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების მანძილზე გვეხმარება,  მაქსიმალურად გამოვიყენოთ დაბერების დადებითი მხარეები

• საზოგადოება, რომელიც მზრუნველობას იჩენს ხანდაზმული ადამიანების მიმართ და ეხმარება მათ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უკეთ იქნება მომზადებული, იმისთვის, რომ თავი გაართვას მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებს.  

http://www.un.org/en/events/olderpersonsday/
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_health_day/en/index.html
http://www.who.int/world-health-day/2012/toolkit/background/en/index.html

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO