
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, რომ ყოველდღიურ რაციონში მარილის მოხმარების შემცირება, თავისი პრევენციული მნიშვნელობით, ტოლფასია თამბაქოს მოწევის შეწყვეტისა.
კვლევებმა აჩვენა, რომ მარილის ჭარბი მოხმარება არის შარდით კალციუმის დიდი რაოდენობით დაკარგვის მიზეზი, კალციუმის დაკარგვას კი თავის მხრივ მივყავართ ორგანიზმის დემინერალიზაციამდე და ძვლოვანი ქსოვილის დასუსტებამდე, ვითარდება ოსტეოპოროზი და შესაბამისად იწვევს ძვლების (კიდურების) ხშირ მოტეხილობებს (განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში).
მრავალი კვლევით დასტურდება კორელაციები მარილსა და სისხლის წნევას, ინსულტს, და გულის დაავადებებს შორის. ჩატარებული მეტა-ანალიზი გვიდასტურებს, რომ მარილის რეკომენდებულ ნორმაზე (5 გრამი დღე-ღამეში) მეტი რაოდენობით მოხმარება 23% -ით ზრდის ინსულტის განვითარების, და 14% -ით გულის დაავადებების განვითარების რისკს. მომატებული არტერიული წნევა არის მიზეზი 62%–ში თავის ტვინის ინსულტის და 49%–ში გულის იშემიური დაავადების განვითარებისა.
აგრეთვე, ათეულობით კვლევა ადასტურებს კავშირს მარილსა და კიბოს შორის; კვების რაციონში ჭარბი მარილის არსებობა დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზი, კუჭის კიბო, თირკმლის დაავადებები (უპირატესად თირკმელ-კენჭოვანი დაავადება), სიმსუქნე და იწვევს ისეთი დაავადებების გამწვავებას, როგორიცაა მენიერის, ალცჰეიმერის დაავადება, დიაბეტი და სხვა.
საშუალოდ თითოეული გრამი მარილის შემცირება ყოველდღიურ რაციონში, ინსულტითა და ინფარქტით სიკვდილის 6000 შემთხვევას შეამცირებს ყოველწლიურად. მარილის ყოველდღიური მოხმარების 5 გრამამდე შემცირება თავიდან აგვაცილებს დაახლოვებით 17.000 ნაადრევ სიკვდილს. მარილის 15%–ით ნაკლები მოხმარება თავიდან გვაცილებს დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიკვდილს მსოფლიოში 2006–2015 წლებში.
http://www.hsph.harvard.edu/nutritionsource/salt/lower-sodium-and-salt/index.html#references
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციები:
• მარილის მოხმარება დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 5 გრამს, ანუ ერთ ჩაის კოვზს, რაშიც დღის განმავლობაში მოხმარებულ საკვებში შემავალი მარილის რაოდენობაც იგულისხმება.
• საკვების შეძენისას დააკვირდით ეტიკეტს, სადაც მითითებულია მარილის შემცველობა. მოერიდეთ მარილის დიდი რაოდენობით შემცველ საკვებს.
• უპირატესობა მიანიჭეთ საკვებს, რომელიც მარილს ნაკლები რაოდენობით შეიცავს, მაგალითად ბოსტნეული და ხილი.
• კერძის მომზადებისას მაქსიმალურად შეზღუდეთ მასში მარილის რაოდენობა. მზა კერძს მარილს დაგემოვნებამდე ნუ დაამატებთ
• მოიხმარეთ მხოლოდ იოდირებული მარილი რეკომენდებული ნორმის ფარგლებში. მარილში შემავალი იოდი კი თავიდან აგაცილებთ იოდის დეფიციტით გამოწვეულ ბევრ დაავადებას თუ დარღვევას (ჩიყვი, შეფერხებები ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში, კრეტინიზმი, და სხვ.)
www.who.int
მარილის მოხმარება საქართველოში:
2006-2007 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანმოს ევროპის რეგიონულ ოფისს შორის ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის შედეგების მიხედვით გამოკითხულთა 56% საკვებს არასდროს ამატებს მარილს. ხოლო, დაახლოებით 44% ამატებს მარილს უკვე მზა საკვებში. აქედან, 31.6% ამატებს მარილს როცა საკვები არასაკმარისად მარილიანია, ხოლო 11,7% ამატებს საკვების დაგემოვნებამდე. მამაკაცთა რაოდენობა, რომელიც მზა საკვებს დაგემოვნებამდე ამატებს მარილს, დაახლოებით ორჯერ აღემატება ქალთა ანალოგიურ რაოდენობას.
2009 წლის ეროვნული ნუტრიციული კვლევის შედეგების მიხედვით არა ორსული და ორსული ქალების უმეტესობა საკვებში მარილს მიღებამდე ამატებს, ხოლო ბევრი იმავეს საკვების დაგემოვნებამდეც კი აკეთებს. შესაბამისად, ამ სამიზნე ჯგუფებში მარილის მოხმარება ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს.
www.ncdc.ge
პოსტერი