დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის სკოლასა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტთან, რაზეც არსებობს შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. აღნიშნული ურთიერთობის ფარგლებში, წარმოადგენს რა ძირითად სასწავლო ბაზას, ცენტრი ეხმარება უნივერსიტეტებს სამედიცინო საგანმანათლებლო კურიკულუმების დახვეწასა და სრულყოფაში, მათ შორის საერთაშორისო პროგრამების განვითარებაში.
გამომდინარე ზემოთაღნიშნულიდან, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ტემპუსის პროექტ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სერვისების სამაგისტრო პროგრამა“ ფარგლებში 27 ივნისს, 2012 წელს, ვერე პალასის დარბაზში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური სერვისები - განათლებიდან პრაქატიკამდე“. კონფერენცია არის უნიკალური შესაძლებლობა, სადაც ლიდერები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკის შემქმნელები და კლინიცისტები განიხილავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების მიმართულებით არსებულ პრობლემებს, აქტუალურ საკითხებს და გაუზიარებენ გამოცდილებას.
დაწყებულია აბსტრაქტების წარმოდგენა კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტისათვის და გაგრძელდება 18 მაისი, 2012 წლის 12 საათამდე. დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://conference.ug.edu.ge
21 მაისიდან სამეცნიერო კომიტეტი, პროფ. ოთარ ვასაძის თავმჯდომარეობით შეაფასებს წარდგენილ აბსტრაქტებს. პოტენციური გამომსვლელებისათვის გადაწყვეტილება თემის მიღება/არმიღების შესახებ დაგზავნილ იქნება 2 ივნისამდე, 2012წ.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან:
- საქართველოს უნივერსიტეტი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ტემპუსის ეროვნული ოფისი (საქართველო)
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი