რა არის ვირუსული ჰეპატიტები, როგორ და რატომ უნდა დავიცვათ თავი
ვირუსული ჰეპატიტები მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული დაავადებებია. მისი გამომწვევია ვირუსები: A,B,C,D,E. ამ ინფექციებით ავადდებიან მხოლოდ ადამიანები, (ანთროპონოზული დაავადება). ისინი გავრცელებულია ყველგან და იწვევენ სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით მსოფლიოში დაახლოებით 350 მლნ ადამიანია ინფიცირებული B ვირუსით და 170 მლნ C ვირუსით, (ლეტალობის ზოგადი კოეფიციენტი დაახლოებით 0,5%-ს შეადგენს).
ცენტრის (დკ&სჯეც) მონაცემებით 2010 წელს აღრიცხული ვირუსული ჰეპატიტი B-ს შემთხვევები 12%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან, კლება გამოწვეულია როგორც მწვავე,ისე ქრონიკული შემთხვევების ხარჯზე. დაავადების შემთხვევების დიდი ნაწილი გვხვდება 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში. 0-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოვლენილი შემთხვევების წილი 2010 წელს 1%-ს შეადგენს (დაავადება არ გამოვლენილა აცრილ კონტიგენტში). B ჰეპატიტის ფორმების განაწილება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ დაავადების გადაცემის ახალი შემთხვევები ახალშობილთა გეგმიური იმუნიზაციის დაწყების შემდეგ მცირდება, გარდა ამისა 2007 წლის ივნისიდან საქართველოში ვიშნევსკაია-როსტროპოვიჩის ფონდის მხარდაჭერით პროექტის ” B ჰეპატიტის პერინატალური პროფილაქტიკა” ფარგლებში დაიწყო HBsag დადებითი დედების ახალშობილების იმუნიზაცია სპეციფიკური იმუნოგლობულინით.
2009-2010
წლების B ჰეპატიტის მწვავე და ქრონიკული შემთხვევების ინციდენტობა

საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან გახდა შესაძლებელი და 1996 წლიდან მისი რეგისტრირებული შემთხვევები განუხრელად მატულობს. 2010 წელს 2009 წელთან შედარებით შეინიშნება შემთხვევების მატება 4%-ით, ქრონიკულ ფორმათა მატების ხარჯზე. ლეტალობამ 1,1% შეადგინა. დაავადების შემთხვევათა დიდი წილი მოდის 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფზე.
2009-2010 წლების C ჰეპატიტის მწვავე და ქრონიკული შემთხვევების ინციდენტობა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სპეციფიკურ აქტივობებზე, რათა შევინარჩუნოთ დაავადებულთა სიცოცხლე და თავიდან ავიცილოთ ახალი შემთხვევები, ამისათვის უნდა გადავკეტოთ ყველა ის გზა, რა გზებითაც ხდება ჰეპატიტის ვირუსების გადაცემა. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს:
- ვირუსული ჰეპატიტებისა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებთა სკრინინგისა და კონტროლის გაძლიერება,
- ვირუსული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრებით მოცვის გაზრდა და ვაქცინაციის ინტეგრაცია იმუნიზაციის ნაციონალურ პროგრამასთან,
- სადიაგნოსტიკო, სამკურნალო აპარატურისა და საინექციო საშუალებების სრულყოფილი სტერილიზაციის უზრუნველყოფა,
- ”უსაფრთხო სისხლის პროგრამის” გამართული მუშაობა,
- მოსახლეობაში (განსაკუთრებით ახალგაზრდებში) ცხოვრების ჯანსაღი წესის, უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტისა და პირადი ჰიგიენის წესების პრაქტიკის დანერგვა,
- უსაფრთხო წყლისა და საკვების უზრუნველყოფა, რაც საუკეთესო დაცვაა HAV და HEV ინფექციებისაგან.
- HBV და HCV შემთხვევების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც არა მარტო მათი სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, არამედ ინფექციის წყაროს გაუვნებელყოფაშიც.
ინფორმაციის წყარო:
http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_hepatitis_day/ru/index.html
http://www.cdc.gov/hepatitis/index.htm
who.int/csr/disease/hepatitis/world_hepatitis_day/whd_2011_toolkit.pdf
დკ&სჯეც სტატისტიკის განყოფილება