239 89 46   მოგვწერეთ
 
 
როტავირუსული გასტროენტერიტები საქართველოში

შესავალი:
1973 წელს ავსტრალიელმა მეცნიერმა რუტ ბიშოპმა ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით დიარეით დაავადებული ბავშვების თორმეტგოჯა ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებში გამოავლინა ვირუსი (1), რომელსაც შემდგომში „როტავირუსი“ („როტა“-ლათ. ბორბალი) ეწოდა (2). მთელ მსოფლიოში როტავირუსები წარმოადგენენ ბავშვთა შორის მწვავე არაბაქტერიული გასტროენტერიტების განვითარების ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორს. პრაქტიკულად 5-წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ერთხელ მაინც ინფიცირდება ამ ვირუსით (3,4). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ 2004 წელს ჩატარებული შეფასების  მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში 5 წლამდე ასაკის 527 000 ბავშვის სიკვდილის მიზეზი ვაქცინით მართვადი როტავირუსული ინფექციაა (5 ). აშშ-ში  როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვამდე, ეს გამომწვევი იყო 5 წლამდე ასაკის ბავშვების 400 000-ზე მეტი ექიმთან  ვიზიტის, 55 000 დ 70 000 ჰოსპიტალიზაციისა და 20-60  სიკვდილის მიზეზი (6). როტავირუსი მიეკუთვნება Rotavirus გვარს და ღეოვირიდაე-ს ოჯახს. სრული ვირიონი შეიცავს 11 ფრაგმენტიან ორდჯაჭვიან რნმდს და კაპსიდს. როტავირუსები კლასიფიცირდება 7 სეროლოგიურ ჯგუფად (A - G). ყველაზე ხშირად დაავადებას იწვევენ A ჯგუფის როტავირუსები. ვირუსის გარეთა კაპსიდის ძირითადი სტრუქტურული პროტეინები  - VP4 და VP7 განსაზღვრავენ ანტიგენურ განსხვავებას (რასაც ვირუსის გენომის შესაბამისი სექვენსების განსხვავებები უდევს საფუძვლად), რის საფუძველზეც კლასიფიცირდება როტავირუსები G და P გენოტიპებად. დღეისათვის ცნობილია როტავირუსის 15G და 27P გენოტიპი, აღწერილია მათი სხვადასხვა კომბინაციები, კვლევებით  განსაზღვრულია ამ  გენოტიპების ყველაზე გავრცელებული კომბინაციები; როტავირუსების შტამების პრევალენტობის შესწავლა სხვადასხვა ქვეყანაში გენოტიპების ახალი (უცნობი) კომბინაციის გამომჟღავნებისა და მისი გავრცელების შესწავლის შესაძლებლობას  იძლევა. ამ  კომბინაციების გამოკვლევასა და აღწერას კი კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ვაქცინის შემდგომი განვითარებისათვის. როტავირუსი გამძლეა გარემო პირობებში, იგი ინარჩუნებს ცხოველმყოფელობას რამდენიმე კვირასა და თვეს. ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი. ინფექციის გადაცემა ძირითადად ხდება ფეკალურ-ორალური გზით. როტავირუსული გასტროენტერიტების კვლევა საქართველოში პირველად დაიწყო 1983-1986 წლებში (ყოფილი საქართველოს შავი  ჭირის  საწინააღმდეგო სადგური). გამოკვლეულ იქნა მწვავე დიარეით ჰოსპიტალიზირებული 0-6  წლამდე ასაკის 903 ბავშვი. ამ კვლევით დადასტურდა როტავირუსის ცირკულაცია საქართველოს ტერიტორიაზე, განისაზღვრა როტავირუსული გასტროენტერიტების ხვედრითი წილი ნაწლავთა ინფექციების საერთო რიცხვში (30,9%),  ასევე  ეპიდემიური პროცესის თავისებურებანი და ტერიტორიული გავრცელება, ასაკობრივი განაწილება, სეზონობა. როტავირუსების შტამები შესწავლილი იქნა  მოლეკულური მეთოდებით და განისაზღვრა დომინანტური ელექტრო-ფორეტიპები (7,8,9). მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებობს როტავირუსის საწინააღმდეგო ორი სახის ორალური, ცოცხალი, ატენუირებული ვაქცინა: Rotarix® (Glaxo-SmithKline Biologicals, Rixensart, Belgium) და RotaTeq® (Merck & Co. Inc., West Point, PA,USA), მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში შტამების  პრევალენტობის შესწავლის მიმართულებით გრძელდება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინის შექმნისა და მისი შემდგომი დახვეწისათვის. საქართველოში როტავირუსის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება იგეგმება უახლოეს მომავალში.

კვლევის მიზანი:
დიარეით მიმდინარე დაავადებებში როტავირუსული ინფექციის ტვირთისა და ფონური მაჩვენებლის განსაზღვრა როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვამდე ვაქცინაციის ეფექტის განსაზღვრის მიზნით.

მასალა და მეთოდები:
საქართველოში 2006 წლის ნოემბრიდან, ჯანმო-ს ხელშეწყობით, დაიწყო როტავირუსებზე ზედამხედველობა საყრდენი ბაზით. ბაზად შერჩეულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პრაქტიკული ცენტრი.
შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების შესაბამისად, კვლევაში ჩართულია ბაზაზე ჰოსპიტალიზებული  ყველა ბავშვი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როტავირუსული გასტროენტერიტის შესაძლო შემთხვევად, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
1. ასაკი < 60 თვეზე;
2. გამოხატული მწვავე გასტროენტერიტი (დიარეული დაავადება დეფეკაცია ნორმალურისაგან განსხვავებული ან წყლისებური განავლით, მინიმუმ სამჯერ მაინც 24 საათის განმავლობაში, ჰოსპიტალიზაციამდე 7 დღის შუალედში);
3. ჰოსპიტალიზებულია დიარეის სამკურნალოდ.
 

სამუშაო პროცედურები მიმდინარეობს ჯანმო-ს პროტოკოლის მიხედვით:
1. შემთხვევა შეირჩევა სტანდარტული განსაზღვრების, ჩართვისა და გამორიცხვის კრიტერიუმების მიხედვით;
2. თითოეულ შემთხვევაზე  ივსება სპეციალური კითხვარი;
3. საავადმყოფოს მიერ გროვდება კვლევაში  ჩართული პაციენტების ფეკალური მასის  ნიმუშები, ინახება 2°-8°C ტემპერატურაზე და კვირაში ერთხელ ხდება მათი ტრანსპორტირება დკსჯეც-ის ლაბორატორიაში;


 

 

4. როტავირუსულ ინფექციებზე ლაბორატორიულ კვლევა ტარდება  ცენტრის ლაბორატორიაში;
5. კვლევაში ჩართულ თითოეულ შემთხვევაზე რუტინული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა წარმოებს საყრდენი ბაზის (ინფექციური პათოლოგიის ცენტრის) ლაბორატორიაში.

როტავირუსების კვლევა დკსჯეც-ში მიმდინარეობს იმუნოფერმენტული მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია პოლიკლონური ანტისხეულების გამოყენებაზე ჯგუფო-სპეციფიური (ა ჯგუფის როტავირუსები) ცილების მიმართ.
შეგროვილი ნიმუშების ნაწილი, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, შემდგომი გენოტიპირებისა და ხარისხის გარე კონტროლისათვის იგზავნება რეფერალურ ლაბორატორიაში.

შედეგები და ანალიზი:
2006 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით გამოკვლეულია 3103 შემთხვევა (მიზნობრივი კონტიგენტი 4108 ჩართულობა 76%). როტავირუსებზე დადებითი აღმოჩნდა 1161 შემთხვევა (37%). დადებითი შემთხვევების 75% გამოვლინდა 0-24 თვის ბავშვებში. კვლევის პერიოდში გამოიკვეთა როტავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სეზონობა: შემთხვევათა  რაოდენობა პიკს (საერთო დადებითი შემთხვევების 60%) აღწევს დეკემბერ-აპრილში; მინიმალურია ივნის-სექტემბერში (საერთო დადებითი შემთხვევების 1,6%). თუმცა შემთხვევები გვხვდება წლის ნებიმიერ დროს. 2006-2008 წლებში სინჯების გენოტიპირება ჩატარდა ორჯერ ჯანმო-ს კოლაბორატორიული ცენტრების ლაბორატორიებში ლონდონსა და მინსკში (ცხრ.1).

განხილვა:
2009 წელს, 43 ქვეყნის (რომელთაც აქვთ ჰოსპიტალური საყრდენი ბაზით ზედამხედველობა როტავირუსულ ინფექციებზე) მონაცემების საფუძველზე, ჩატარებული ანალიზის შედეგები ასეთია: კვლევაში ჩართული იყო 5 წლამდე ასაკის 45932 ბავშვი, როტავირუსზე ტესტირება  ჩაუტარდა 38580  (84%) სინჯს, დადებითი აღმოჩნდა 36% (12%-68% ქვეყნების მიხედვით). ჯანმოს რეგიონების მიხედვით დადებითი შედეგები მერყეობდა 25%-დან (ამერიკის რეგიონი) 47%-მდე (დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონი) (10). საქართველოში როტავირუსებზე ზედამხედველობის მონაცემები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიღებული შედეგების მსგავსია.

რეკომენდაცია:
როტავირუსული გასტროენტერიტი გავრცელებულია საქართველოში და წარმოადგენს 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მწვავე დიარეული დაავადების განვითარების მნიშვნელოვან ეტიოლოგიურ აგენტს. ამის ფონზე როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვა უთუოდ სასარგებლო იქნება ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისთვის.

 ბიბლიოგრაფია
1. Bishop RF, Davidson GP, Holmes IH, Ruck BJ (1973). ~Virus particles in epithelial cells of duodenal mucosa from children with acute non-bacterial gastroenteritis~. Lancet 2 (7841): 1281d3. doi:10.1016/S0140- 6736(73)92867-5.
2. Flewett TH, Woode GN (1978). ~The rotaviruses~. Arch. Virol. 57 (1): 1d23. doi:10.1007/BF01315633. PMID 77663
3. Mulholland, E. K. 2004. Global control of rotavirus disease. Adv. Exp. Med. Biol. 549:161-168.
4. Parashar, U. M., E. G. Hummelman, J. S. Bresee, M. A. Miller, and R. I. Glass. 2003. Global illness and deaths caused by rotavirus disease in children. Emerg. Infect. Dis. 9:565-572.
5. Global and national estimates of deaths under age five attributable to rotavirus infection: 2004. as of 31 March 2006
6. http://www.cdc.gov/rotavirus/index.html
7. საყვარელიძე ლ.ა., ზანგალაძე ე.დ. როტავირუსების ეტიოლოგიური მნიშვნელობა ნაწლავთა მწვავე ინფექციის განვითარებაში ბავშვებში; 1986, 31(6):695-7.
8. ზანგალაძე ე.დ. , ერემეევა ტ.პ., გინევსკაია ვ.ა. მწვავე გასტროენტერიტების საავადმყოფოს შიდა შემთხვევების როტავირუსული ეტიოლოგია; 1990; 35(6):500-2.
9. გინევსკაია ვ.ა., ზანგალაძე ე.დ., ერემეევა ტ.პ., შირმან გ.ა., კაზანცევა ვ., საყვარელიძე ლ.ა., დროზდოვი ს.გ. როტავირუსული ეტიოლოგიის გასტროენტერიტების ანალიზი თბილისში, Acta Virologica, 1991;35(3):232-7.
10. MMWR Rotavirus Surveillance e Worldwide, 2009. 2011; 60(16):514-6.

 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
© NCDC.GE 2012   Created By VISUAL STUDIO