Logo

საინფორმაციო ფურცელი – ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24 – 30 აპრილი, 2019

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2019 წლის 24 - 30 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ხედვა და მიზანი

“ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისგან თავისუფალი ევროპის რეგიონი, სადაც ყველა ქვეყანა უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებსა და იმუნიზაციის სერვისებზე მთელი ცხოვრების მანძილზე“.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად.  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში. გეგმა შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე და მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გეგმის შესაბამისად ევროპის რეგიონი უნდა გათავისუფლდეს მართვადი ინფექციებისაგან, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს წვდომა მაღალი ხარისხის, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი ფასის ვაქცინებთან და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლებას -თანასწორი და უნივერსალური იმუნიზაციით მომსახურებასთან მთელი სიცოცხლის მანძილზე. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია  „ჯანმრთელობა 2020“ პროგრამის („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”) ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებსა და კონცეფციებთან.

2015 - 2020  წლებისათვის ევროპის რეგიონული  სამოქმედო გეგმის მიზნებია:

პოლიომიელიტისგან თავისუფალი სტატუსის შენარჩუნება;

ჰეპატიტი B-ს ინფექციის კონტროლი;

ვაქცინაციით მოცვის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა რეგიონის წევრ–ქვეყნებში ყველა ადმინისტრაციული ერთეულის დონეზე;

მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება ახალი ვაქცინების დანერგვის მიზნით;

         წითელასა და წითურას ელიმინაცია;

იმუნიზაციის ეროვნული პროგრამების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა.

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში  2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2019 წლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყება 9-11 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია.

ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა

  • მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე  ბავშვის სიცოცხლეა გადარჩენილი ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით -  600 000 ადამიანის სიცოცხლე;

  • წითელას საწინააღმდეგო ერთი აცრა  ჩაუტარდა 2 წლამდე ასაკის ბავშვების 85%-ს ხოლო  167 ქვეყანამ დანერგა კალენდარში ვაქცინაციის ორჯერადი  კურსი და აიცრა ბავშვების 67%;

  • ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b-ს კომპონენტიანი ვაქცინა დაინერგა 191 ქვეყანაში, აცრების სამდოზიანი კურსი ჩაუტარდა ბავშვების  72%-ს;

  • მსოფლიო მასშტაბით 1 წლამდე ასაკის  ბავშვების დაახლოებით 85%-ს (116.2 მლნ ბავშვი)  ჩაუტარდა დიფთერია-ყივანახველა-ტეტანუსის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაცია, 123 -მა ქვეყანამ მიაღწია 90% -იან მოცვის მაჩვენებელს;

  • 187 ქვეყანაში დაინერგა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აცრების სამდოზიანი კურსი ჩაუტარდა წლამდე ასაკის ბავშვების  84%-ს. ასევე, 105 ქვეყანაში დაინერგა ახალშობილთა B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სიცოცხლის პირველი 24 საათის განმავლობაში აიცრა ახალშობილთა  43%;

  • 1988-2017 წლებში პოლიომიელიტის შემთხვევების რაოდენობა შემცირდა 99,9%-ით. პოლიომიელიტის გლობალური ერადიკაციის ფარგლებში,  16 მილიონამდე ადამიანია გადარჩენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული დარღვევვებისაგან. დაავადების გავრცელება შეჩერებულია ყველა ქვეყანაში, ავღანეთის, პაკისტანისა და ნიგერიის გარდა. პოლიომიელიტის საწინააღმდეგო სამჯერადი ვაქცინაცია ჩაუტარდა  1 წლამდე ასაკის ბავშვების 85%-ს;

  • როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დანერგილია  91 ქვეყანაში, მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა 28%;

  • პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დანერგილია 135 ქვეყანაში, მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა  44%;

  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დანერგილია 85 ქვეყანაში;

  • წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დანერგილია 162 ქვეყანაში, მოცვის მაჩვენებლმა შეადგინა 52%;

  • ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია დანერგილია 122 ქვეყანაში;

უხედავად  წარმატებებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან

  • მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება  ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

  • დაახლოებით 20  მილიონამდე ბავშვს არ უტარდება დიფთერია - ყივანახველა - ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში, 170 ქვეყანაში დაფიქსირდა წითელას 112 163 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2018 წლის იგივე პერიოდში დარეგისტრირებული იყო 28 124 შემთხვევა 163 ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ  მსოფლიოში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა წითელას შემთხვევები.

  • ჯანმოს აფრიკის  რეგიონში დაფიქსირდა წითელას შემთხვევების 700% ზრდა, ამერიკის რეგიონში - 60%, ევროპის რეგიონში - 300%, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში  - 100%, და სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიის და წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონებში - 40%.

წითელა

საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა წითელას 2200-მდე შემთხვევა. შემთხვევების 10% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 62%  - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

2019 წელს დღემდე დარეგისტრირებულია  3000-ზე მეტი შემთხვევა.  შემთხვევების 12% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 63% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.

ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს წითელას და წითურას საწინააღმდეგო დამატებით იმუნოპროფილაქტიკას წწყ ვაქცინით.  საქართველოს მთავრობის განკარგულების (#16, 18.01.2019) „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ფარგლებში მიმდინარეობს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული იქნა 250 000 დოზა წწყ ვაქცინა და აიცრა 120 000 ადამიანი.  წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება 2019 წლის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ წითელასა და სხვა ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის მინისტრის ბრძანება   (#01-6/ნ, 22.01.2019) „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.

დოკუმენტით განისაზღვრა იმუნიზაციის ვალდებულებები სამედიცინო, პენიტენციურ დაწესებულებებში, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროებში მომუშავე  პერსონალისთვის, ასევე, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისა და საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებისთვის. დადგინდა მოთხოვნები B ჰეპატიტის, გრიპის, წითელას, წითურას, ტეტანუსის, დიფთერიისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ბრძანების ამოქმედება ხელს შეუწყობს  მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას და შედეგად,   შეამცირებს გადამდები დაავადებების გარცელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს ინფექციების კონტროლის ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებას სამედიცინო დაწესებულებებში და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ვაქცინაციის პროცესში სკოლამდელი აღზრდის და საგანმანათლებლო  დაწესებულებების ჩართულობის გაზრდის და შესაბამისად ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების რისკის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველსაყოფად,  განხორციელდა ცვლილება ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში (01.01.2019) და განისაზღვრა სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩამონათვალი. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდა სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის    მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი, ასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსის,   აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. მობილური აპლიკაციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.

ძირითადი გზავნილები

  • წითელა  ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, წითელას  საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.

  • გახსოვდეთ, წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!

  • ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!

  • ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად,  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

  • გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩაუტარდა აცრები.

  • ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.


     ვაქცინა მუშაობს!    აცერი და დაიცავი!