Logo

ზოგადი ინფორმაცია

title

ტუბერკულოზის მართვა

ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის  მიზანია   ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება, ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია.


ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

1.   ლაბორატორიული კონტროლის და ნახველის ლოჯისტიკის კომპონენტს, რომელიც გულისხმობს ტუბერკულოზზე სავარაუდო შემთხვევების ლაბორატორიულ დადასტურებასა და მკურნალობის პროცესში ჩართული პაციენტების ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის სპეციფიკურ კვლევებს და მოიცავს:

·      ნახველის/საკვლევი მასალის (მ.შ. ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტების აივ-ინფექცია/შიდსზე სწრაფი მარტივი ტესტირებით მიღებული საეჭვო დადებითი სისხლის ნიმუშების) ტრანსპორტირებას;

·      სპეციფიკურ ლაბორატორიულ კვლევებს (მ.შ. პილოტურად შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში ნახველის კვლევა ჯინექსპერტ აპარატზე);

·      ხარისხის კონტროლს როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში;

·      ტუბერკულოზის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის საჭირო იმ მასალით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფა, რომელიც არ ხორციელდება დონორი ორგანიზაციების მიერ;

·      სამედიცინო სერვისების მიწოდებაში ჩართული სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების შესყიდვა, ასევე, სამედიცინო დაწესებულებებისათვის ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების შესყიდვა.

 

2.   ეპიდზედამხედველობა რომელიც  მოიცავს:

·      ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების კვლევას:

 

Ø  ფილტვის ტუბერკულოზის ახლადგამოვლენილ შემთხვევათა კონტაქტების ეპიდკვლევა წარმოებს სპეციალურად შემუშავებული კითხვარების მეშვეობით. კონტაქტირებულად ითვლება როგორც ოჯახური, ასევე სხვა ახლო კონტაქტში მყოფი პირები. ფილტვგარეშე ტუბერკულოზის კონტაქტები საჭიროებს კვლევას იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზით დაავადებული აივ ინფიცირებულია ან 5 წლამდე ასაკის ბავშვია;

Ø  გამოვლენილი კონტაქტების რეფერალს დადასტურებისა და შემდგომი მკურნალობისთვის პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის მიმწოდებელთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით (მ.შ. პაციენტთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების რეფერალს ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩასატარებლად).

Ø  მეთვალყურეობიდან დაკარგულ პაციენტებთან და პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებთან (რომლებიც იმყოფებოდნენ ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე) მუშაობას:

-  მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას;

-  მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების რეფერალს მკურნალობის გასაგრძელებლად პროგრამის ამბულატორიული კომპონენტის მიმწოდებელთან, შესაბამისი საინფორმაციო და საგანმანათლებლო სამუშაოს ჩატარების გზით;

-  პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე მყოფ პირთა მოძიება და დადგენა – გააგრძელეს თუ არა შესაბამისი მკურნალობა სამოქალაქო სექტორში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში მათი რეფერირება მკურნალობის გასაგრძელებლად.

 

·      დადგენილ ვადაზე ადრე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაშეწყვეტილი პაციენტების მოძიება და მკურნალობის პროცესში მათი ხელახლა ჩართვის ღონისძიებების განხორციელებას.

 

3.   ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი ( გლობალური ფონდის თანადაფინანსებით ), რაც თავის მხრივ მოიცავს :

·      ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობასა და მონიტორინგს, მათ შორის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;

·      ზედამხედველობის ოქმების და გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში შესყიდული წამლებისა და პაციენტზე ორიენტირებულ სარგებელთა პაკეტის (პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისება) შესახებ ანგარიშგებას;

·      ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტთა სარეგისტრაციო ჟურნალების ზედამხედველობას და გამოვლენილ ნაკლოვანებათა ოპერატიულად აღმოფხვრას;

·      რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვას და უზრუნველყოფის მონიტორინგს;

·      ამბულატორიული და სტაციონარული ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებიდან, მათ შორის, ტუბსაწინააღმდეგო აქტივობებში ჩართული პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების (მ.შ., სამედიცინო პერსონალისათვის რესპირატორების, პაციენტების C ჰეპატიტსა და აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგის ჩასატარებლად საჭირო ტესტების და სახარჯი მასალების, ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების) თაობაზე მოთხოვნისა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმების შეგროვებასა და ანალიზს.

4.   ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების ( სრულად ) და მეორე რიგის მედიკამენტების ( სრული ღირებულების არაუმეტეს 50%- ის ) ესყიდვა , მიღება და ტრანსპორტირება (სამკურნალო საშუალებების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გაფორმების და პროგრამის სერვისების მიმწოდებელთან ტრანსპორტირების ხარჯები) .


5.   სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით , რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა (თვეში არაუმეტეს 300 პაციენტისა) ფულადი წახალისების დაფინანსება.  


6.   პაციენტებისთვის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებისა და ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო / სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.