Logo

წითელა და სხვა ინფექციური დაავადებები

title

წითელას ეპიდაფეთქებები უკავშირდება ერთი მხრივ, 1990 -იან წლებში იმუნიზაციის პროგრამის ჩავარდნას, რის შედეგადაც არასრულად აცრილ კოჰორტებში დაგროვდა დიდი რაოდენობით არაიმუნური პირი, რომლებიც უკვე მოზრდილ ასაკში დაავადდნენ. ამან გამოიწვია წითელას ეპიდემია 2004-2005 წლებში, როდესაც  აღირიცხა დაავადების  8391 შემთხვევა, უპირატესად უფროსი ასაკის ბავშვებში და ახალგაზრდებში  და გარდაცვალების 9 შემთხვევა.  

2008 წელს ჩატარდა წითელა-წითურას აცრების მასობრივი კამპანია, რომლის ფარგლებში აიცრა 6-27 წლის ასაკის ნახევარ მილიონამდე ადამიანი, დაგეგმილი 1 მილიონის ნაცვლად, რაც მას მედიაში აგორებული ანტივაქცინური კამპანიის შედეგი იყო.

შედეგად მივიღეთ 2013-2015 წლების ეპიდემია, როცა დაავადდა 11 ათასზე მეტი ადამიანი,  უპირატესად მოზრდილები და 5 წლამდე ასაკის ბავშვები. ლეტალურად დასრულდა 4 შემთხვევა.

აფეთქების კუპირების მიზნით, 2015-2017 წლებში წწყ ვაქცინის დამატებითი დოზა მიეწოდა 200 000 არასრულად აცრილ, არავაქცინირებულ და უცნობი სატატუსის მქონე მოქალაქეს. პარალელურად ტარდებოდა ვაქცინაცია 1 და 5 წლის ასაკში პროფილაქტიკური აცრების კალენდრის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის პროცესში აღინიშენება გარკვეული წარმატებები, იმუნიზაციით მოცვა  წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით მაინც ვერ აღწევს 95%-იან სამიზნე მაჩვენებელს. 2017 წელს  წწყ ვაქცინის პირველი დოზით  (12-24 თვის ასაკის ბავშვები) მოცვის მაჩვენებელმა შეადგინა  95%, ვაქცინის მეორე დოზით მოცვამ (5-6 წლის ასაკის ბავშვები) კი შეადგინა 90%. განსაკუთრებით ყურადსაღებია ვაქცინაციით არასათანოდო მოცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში და ქუთაისში.

2017 წლის აგვისტოდან ისევ დაიწყო ეპიდაფეთქებები, ჯერ გურიაში, შემდეგ კი აჭარში. სულ 2017 წელს გამოვლინდა წითელას 96 შემთხვევა. 2018 წლიდან კი შემთხვევებმა მთელი საქართველო მოიცვა და დღემდე 1300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 2.

•             ძირითადად ავადდებიან 1 წლამდე ასაკის ბავშვები, ეს ასაკი ყველაზე უფრო მოწყვლადია წითელას გართულებების თვალსაზრისით. მათი დაცვა წითელასგან შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საზოაგადოებაში მაღალი იქნება ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი, რაც შეაჩერებს ვირუსის გავრცელებას!

•             აგრეთვე მაღალია წითელას შემთხვევები  1- 4 წლის არავაქცინირებულ ბავშვებში და მათი დაცვა შესაძლებელია წითელას კომპონენტიანი ვაქცინით, თუ მათ არ აქვთ ჩატარებული გეგმიური ვაქცინაცია 12 თვის ასაკში! გადაამოწმეთ თქვენი შვილის აცრის სტატუსი და ჩაუტარეთ აცრა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით!

•             20 წლიდან 41 წლამდე ასაკის  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა   არ იცის თუ როგორია მისი აცრის  სატატუსი წითელას მიმართ, ანუ არ იცის აცრილია თუ არა სიცოცხლეში ოდესმე.

• ქვეყანაში ჩატარებულმა უახლოესმა  კვლევამ   აჩვენა, რომ 20-26 წლის ასაკის მოქალაქეთა 10%-ზე მეტს  და 41 წლამდე მოქალაქეთა 8%-ს არ აქვს იმუნიტეტი წითელას  მიმართ, სწორედ ამ ასაკში ავადდებიან წითელათი ყველაზე ხშირად და ამით საფრთხეს  უქმნიან როგორც საკუთარ,  ასევე ოჯახის წევრების ჯანმრთელობას! 

• გახსოვდეთ რომ წითელა განსაკუთრებით საშიშია ორსულობის დროს! დაიცავით თქვენი და თქვენს გარშემო მყოფი მომავალი დედები ამ დაავადებისაგან. წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალება - ვაქცინაციაა! გაითვალისწინეთ, მინიმალური რეკომენდებული ინტერვალი ჩატარებულ  აცრასა და  ორსულობას შორის არის 1 თვე.

• 41 წლამდე ასაკის მოქალაქეთა უფასო ვაქცინაციას უზრუნველყოფს სახელმწიფო. ასვე უფასოა აცრა წითელათი ავდმყოფთან კონტაქტში მყოფი ნებისმიერი ასაკის პირისათვის.

• თუ ხართ 41 წლამდე ასაკის,  დღესვე გადაამოწმეთ თქვენი და თქვენი შვილების აცრის სტატუსი და თუ ერთხელ მაინც  არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, ხოლო თქვენს შვილებს არ ჩატარებიათ გეგმიური ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში  წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენი ოჯახის ექიმს აცრების ჩასატარებლად!

• ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მოსალოდნელია წითელას შემთხვევების გახშირება ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში და სკოლებში, გადაამოწმეთ თქვენი შვილების აცრის სტატუსი და აცერით აცრაგამორჩენილი ბავშვები!

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წითელას გავრცელების შეკავებისმიზნით შესყიდულია მაღალი ხარისხის, მაღალეფექტური და უსაფრთხო წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა.